weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი თურქ-სელჩუკების წინაშე არ წარმოუთქვამს – სააკაშვილი

14:17 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი 29 ნოემბრის სასამართლო პროცესის შემდეგ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. სააკშვილის თქმით, ის მზად არის ყველა პრეტენზიის მოსასმენად და ბოდიშის მოსახდელად, თუმცა, როდესაც მისგან მეტ ბოდიშს და სინანულს ითხოვენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა პუტინის ტყვეობაშია.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ხალხთან ღია დისკუსია უნდა და საქართველოში ამისთვის არის ჩამოსული. 

„ამასწინად მოვისმინე ჩემი წინა გამოსვლის კრიტიკა, რომ 2003 წელში ჩარჩენილი ადამიანის გამოსვლა მოვისმინეთო. სამწუხაროდ, ქვეყანა დააბრუნეს 2003 წელში. ასევე ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვახატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როდესაც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა საჯაროდ აღიარებული ბრალის საფუზველზე. იმ ხალხის მიმართ მე არაფერი სასინანულო არ მაქვს.

რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ საპრეზიდენტო ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დავდე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხის გება და რეფლექსია, ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად.

გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მთელი ეს წლებია მაქვს და ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ დავით აღმაშენებელი არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო. ვარ რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ.

აგერ, ვუყურებ ინგა გრიგოლიას. მან ამასწინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე და თქვა, რომ როდესაც პოლიცია შევიდა იქ და დიდი სტრესი განიცადა, მოხვდა კლინიკაში. რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი დიდი ინტერვიუ ინგას მთავრობის სახლში. მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე ინტერვიუს რომ ვიძლეოდი და ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე. მე მინდა იცოდეს ინგამ, არასოდეს არ მითქვამს, ეს ასე იყო. ინტერვიუს შემდეგ, გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ, მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ, გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემ განკურნებას. 

ამიტომ, მეგობრებო, ვინც კმაყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება შეცდომეის საკმარისი და ვინც მიიჩნევთ, რომ საერთოდ არ არის საკმარისი, უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე, დაემეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან - აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეხმარებით და ეს იქნება ჩემი კათარზისი, განწმენდის პროცესი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება. პროკურატურის განცხადებით, ეს თანხა 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად დაიხარჯა. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]