weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სიცრუეა, კანის სნეულების მკურნალობა იყო – სააკაშვილი ბოტოქსის შესახებ ბრალდებაზე 

15:32 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარყო პროკურატურის ბრალდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საზღვარგარეთის კლინიკებში ბოტოქსს იკეთებდა. მისი თქმით, ეს კანის სნეულების მკურნალობა იყო. 

„რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ეს არის, არ ვიცი, შეცდომა სამსახურის [სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური], გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც ლაპარაკობთ და მიიღეთ მათგან დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, როგორც ექიმები ამბობენ, ნერვულ ნიადაგზე - სურათებიც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მაქვს სახე დასიებული 2008 წლის შემდეგ, რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ გრაფებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.

სააკაშვილის განცხადების პასუხად, ერთ-ერთმა პროკურორმა თქვა, რომ ხარჯვა დოკუმენტურად არის დადასტურებული და უშუალოდ პრეზიდენტის თანხმობით ხდებოდა ამ ტანხის დახარჯვა.

გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა დასვა კითხვა, რატომ არ ასამართლებენ ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვს, რადგან ხარჯების ნაწილი მას ეკუთვნოდა.

„სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. 

სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. მე ეს დამხვდა ციხის სისტემაში, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ გაუკეთეს ნიუ-იორკ ჰოსპიტალში ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი?“, – იკითხა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება. პროკურატურის განცხადებით, ეს თანხა 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად დაიხარჯა, ხარჯი სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“. 

პროკურატურის ინფორმაციით, 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე - 399 495 ლარი. როგორც პროკურატურა აცხადებს, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ბოტოქსისა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]