„ეს ძალიან სახიფათო ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდება. ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ მისი გადაყვანა და თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება ნამდვილი მკვლელობა, რადგან ყველა კანონის მიხედვით, შიმშილობის შემდეგ, მაგალითად, თუ ადამიანმა იშიმშილა 50 დღე, მისი რეაბილიტაციისთვის საჭიროა ორჯერ მეტი დღე, ხოლო ჩვენ შემთხვევაში, მხოლოდ ორი კვირა გავიდა. არც ერთ შემთხვევაში, გადაყვანაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რადგან ის ძალიან სუსტად არის და მიმდინარეობს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი და მკურნალობა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა კვირასთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები გრძელდება და ჩნდება ახალი სიმპტომები, რაც აშფოთებს.
„მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამ სამ დღეში ვნახე, რომ ის სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული.
ექიმი არ ვარ და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სახეზე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინის დონე, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ მას ესაჭიროება დასვენება. დგება საწოლიდან, მაგრამ იქ ძალიან მცირე ადგილია, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა იასკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, სააკაშვილის მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. ამის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.