weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტყუილია, რომ განათლების სამინისტრო ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს – მდინარაძე

17:29 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიას ადანაშაულებს მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციაში.

„როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ, მაგალითად, ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შეიყვანეს შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მდინარაძის თქმით, საქართველოს განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც არ გაუკეთებია.

„საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია. შეგიძლიათ წაიკითხოთ სიტყვა სიტყვით რაც იქ წერია და ამის გადათარგმნა იმგვარად, რუსულად, ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, არის ტყუილი“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომს სახელმძღვანელოს 404-ე გვერდი ეთმობა. იქ ვკითხულობთ, რომ 2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში და ყოველდღიურ მოვლენას იქცა ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება.

„2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით ცოცხალი ძალა შემოიყვანა“, – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

406-ე გვერდზე კი მოსწავლეებს ეკითხებიან: „დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა? შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომი გლობალურ ან რეგიონულ ომში გადაზრდილიყო?“.

მდინარაძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოში ფაქტებია მოტანილი და ჩანაწერები არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას იმგვარად, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]