ე.წ. სამინისტროს ინფორმაციით, ვალტერ ბუთბა 1975 წელს ოჩამჩირეში დაიბადა. 2001 წლიდან ის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალური ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს ეკონომიკური ხასიათის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში, ასევე რუსეთის შსს-ს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა.
2014-2016 წლებში ბუთბა აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2016 წლიდან უმსხვილეს სააქციო საზოგადოებებში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ მინიჭებული აქვს მედალი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში დამსახურებისთვის.
2020 წლის აპრილის ბოლოდან აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი დბარი იყო, რომელიც მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ე.წ. რესპუბლიკის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.
დბარის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც 30 სექტემბერს, აფხაზეთის „დამოუკიდებლობის დღეს“ ე.წ. სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების, დე ფაქტო პარლამენტის წევრის, გარი კოკაიას და ომის ვეტერანების მონაწილეობით კონფლიქტი მოხდა. ვეტერანების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს, რაზეც პასუხისმგებელი შს მინისტრ იყო. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში დიმიტრი დბარი გადადგა, თუმცა ნოემბრის დასწყისში დე ფაქტო პრეზიდენტმა ის თანამდებობაზე აღადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ე.წ. პროკურატურამ დაადგინა, რომ შს სამინისტროს ხელმძღვანელს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი.