ამის შესახებ მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამ საკრებულოებში საკვანძო პოზიციებზეც ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა აირჩიონ.
„ჩვენ გვაქვს წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ და რუსთავი, სადაც ოპოზიცია უმრევლესობაშია. ბათუმში იცით რაც მოხდა და 17/17-მდე დაიყვანეს, მაგრამ ამ ხუთ მუნიციპალიტეტში ოპოზიცია უმრავლესობაშია. მანდატების უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები დამოუკიდებლად აირჩიოს.
ჩვენ მოვისმინეთ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ბატონი გახარიას პარტიის განცხადება, თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ მხარეებს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ – რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის მათ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი.
იცით რა არის? მაგალითად, წალენჯიხა, ზუგდიდი, რუსთავი, ჩხოროწყუ, სენაკი – იქ, ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საერთო რამე გვაქვს თუ არა – მე ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება – მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არა მხოლოდ, მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას, რათა „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მინიმუმ, ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს და ეს არის დაკვეთა.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ საკრებულოში პოზიციები დაკავებული იყოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ, იმიტომ, რომ იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი და ხმათა უმრავლესობით არის შიგნით ოპოზიცია წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია (და არა თანამდებობა) გვჭირდება. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო კომისია უნდა ეკავოს ოპოზიციონერს, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა ამომრჩეველმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, საარჩევნო პროგრამები შეაჯერონ და ასე უპასუხონ საზოგადოების საჭიროებებს.