weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხის ჯანდაცვის სამსახურის ყოფილმა დირექტორმა მერიას სასამართლოში უჩივლა 

16:55 ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021
ფოტოზე - ჯონდო მდივნიშვილი ფოტოზე - ჯონდო მდივნიშვილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის“ ყოფილმა დირექტორმა, ნუნუ ნოზაძემ მერიას სასამართლოში უჩივლა. ის მერის, ჯონდო მდივნიშვილის იმ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც ერთი თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

ნუნუ ნოზაძის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირი იცავს. 8 დეკემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია გაიზიარა და ლაგოდეხის მერს დავის დასრულებამდე აუკრძალა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა. 

„ჩემი გათავისუფლება მოხდა 12 ნოემბერს. ბრძანება გავასაჩივრე, რადგან უკანონოა. 23 წელია ამ თანამდებობაზე ვმუშაობ და შენიშვნაც არ მიმიღია, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბული მუშაობა გვქონდა. მერმა სარჩულად დამიდო აუდიტის დასკვნა, თუმცა იქ მოცემული დარღვევები ნამდვილად არ არის ჩემი გათავისუფლების საფუძველი. მედავებიან, ინვენტარიზაციას, რომ კოვიდის თანხა არასწორად გავანაწილე, არამიზნობრივად დავხარჯე. მესამე საკითხი კოვიდზე ბიოლოგიური მასალის ასაღებად საჭირო საშუალებების მოძრაობას ეხება. იქ არაფერია გაურკვეველი და ამიტომ სასამართლოს მივმართე. 

ჩემი გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს არა ჩემი რომელიმე მოადგილე, არამედ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მძღოლად მუშაობდა და 7-8 წლის წინ ერთთვიანი კურსი გავატარე ენტომოლოგიაში“, – უთხრა ნუნუ ნოზაძემ „რეგინფოს“. 

ნუნუ ნოზაძის განცხადებით, მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან პირადი დაპირისპირება არ ჰქონია, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტმა, მისგან განსხვავებული პოზიცია არაერთ საკითხზე დააფიქსირა. როგორც ნუნუ ნოზაძე ამბობს, პანდემიის პერიოდში ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვის წინააღმდეგი იყო, გარდა ამისა, უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. 

„ბოლო პერიოდში კოვიდის თანხები არ ნაწილდებოდა. ხელშეკრულება დადებული გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომლის საფუძველზეც გვერიცხება თანხა - 5 ლარი ერთ ბენეფიციარზე, რომელიც ნაწილდება. ყველა დოკუმენტაცია გვაქვს გაგზავნილი დაავადებათა კონტროლის ცენტრში და თუ თანხა არასწორად ნაწილდებოდა, ცენტრი მას არ აანაზღაურებდა. ეს არ იყო მერიის მიერ მოცემული თანხა.

ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ალბათ უკვე ოქტომბერის თანხები ჩარიცხული და გაჩერებულია. მერიის საფინანსო სამსახურში რომ ვკითხულობდი, რატომ იყო გაჩერებული, მეუბნებოდნენ, რომ მერს უნდა შევთანხმებოდი, მოვიდოდი მერთან და ვერ ვარკვევდი რაში იყო საქმე. ბოლოს ჩემს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებს ეს თანხა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის უნდა აეღოთ. ვმუშაობდით ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. არცერთი თანამშრომელი არ დარჩა, რომელმაც კოვიდი არ გადაიტანა, ჩემიდან დაწყებული სანიტრით დამთავრებული. ივლისის, აგვისტოს და სექტემბერის თანხები ჩარიცხულია, მაგრამ საფინანსო სამსახური ხაზინაში არ ასახავდა, რომ მე ხელფასები გამეცა.

ის კი შეიძლება, რომ რემონტები აკეთონ იმ ფულით. როგორც კი გამომიშვეს ორი ოთახის რემონტი დაიწყეს. ჩვენი შრომა შრომა არ არის? წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და რას ემსახურება ის. სადაო ნამდვილად მაქვს და ვიდავებ სამართლებრივად“, – ამბობს ნუნუ ნოზაძე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა „რეგინფოსთან“ კომენტარზე უარი თქვა. მისი ერთ-ერთი მოადგილის ნინო ბატიაშვილის თქმით, ნუნუ ნოზაძეს სამგვერდიანი ბრძანება ჩაბარდა, სადაც დეტალურად არის ახსნილი, რა დაედო საფუძვლად მის გათავისუფლებას. ნინო ბატიაშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კოვიდის თანხებს ერთპიროვნულად ანაწილებდა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლოს განჩინება ოფიციალურად ჩაბარდებათ, მერია სასამართლოში თავის პოზიციას დააფიქსირებს. 

პროფკავშირების იურისტის, სერგო მახარაძის განცხადებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 8 დეკემბრის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია. 

„ასეთ ღონისძებებს სასამართლო პრაქტიკულად არ იყენებს, ერთეული შემთხვევებია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა შესაძლო სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. ნუნუ ნოზაძის გათავისუფლება მოხდა ნაჩქარევად, საქმის გარემოებების შესწავლის გარეშე. საერთოდ აბსურდია ის ბრძანება, რაც მის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. იმ პრინციპით, რის გამოც ქალბატონი ნუნუ გაათავისუფლოეს, მუშაობენ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში და ჯანდაცვის სამსახურის არცერთი უფროსი არ გაუთავისუფლებიათ. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ სასამართლო დავა ქალბატონი ნუნუს სასარგელოდ გადაწყდეს“, – ამბობს სერგო მახარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]