weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე კვირები გველის წინ – სააკაშვილი

23:32 ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქცია მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა. მე კარგად ვხედავ, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია. მათთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს, 21 დეკემბერს და შემდეგაც „ლიდერშიპის“ გარშემო გაერთიანდეს.

„დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად. ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს. ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით მიზანს ვერ მიაღწევენ.

„თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა. ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]