weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუბერნატორი სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა – ენმ ალკოტესტის პასუხს ითხოვს

23:24 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი სამსახურებრივი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, შიოშვილი „ქართული ოცნების“ ღონისძიებიდან ბრუნდებოდა და ავტომობილს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართავდა. ამ ინფორმაციას გუბერნატორი სიცრუეს უწოდებს.

„რამდენიმე დღის წინ კახეთში, წინანდლის ჭავჭავაძის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“, მისმა ლიდერებმა ჩაატარეს დიდი საერთო ღრეობა, სუფრა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები საქართველოს ყველა რეგიონიდან, გუბერნატორები და სხვადასხვა ჩინოვნიკები. ჩვენ ვნახეთ, როგორ ზეიმობდა „ქართული ოცნების“ შემადგენლობა იმ დროს, როდესაც დღეს მოსახლეობას ძალიან უჭირს. 

ამის შემდგ, კახეთის გუბერნატორი, ბატონი ირაკლი შიოშვილი, მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან გაემართა თელავის მიმართულებით და ფაქტია, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფო ავტომობილი, რომელიც არის კახეთის გუბერნიის საკუთრება. ამ ყველაფერს პოლიცია მალავს - ავტომობილზე მოხსნილია სანომრე ნიშნები, რომ ეს ყველაფერი არავის გაეგო. 

ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდნენ, თუმცა ისევ „ქართული ოცნების“ გუნდიდან გამოსული ინფორმაციით, დადასტურებულად ვიცით, რომ ავტომობილს მართავდა კახეთის გუბერნატორი, რომელიც იყო გადამთვრალი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მისივე ინფორმაციით, თელავის ერთ-ერთ კლინიკაში ირაკლი შიოშვილმა ექიმებს მოატყუა, რომ მცირე დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო. 

კახეთის გუბერნატორი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც მან „რეგინფოს“ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა, თუმცა ის დროში არ ემთხვევა წინანდალში გამართულ ღონისძებას. ირაკლი შიოშვილის თქმით, წინანდალში შაბათს იმყოფებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი კვირას მოხდა, როდესაც სიღნაღიდან თელავში გურჯაანის შემოვლითი გზით ბრუნდებოდა. მისივე თქმით, სიცრუეა, თითქოს თელავის საავადმყოფოს მიმართა.

„პირველადი დათვალიერება გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩამიტარდა და ახლა თბილისში, სტაციონარში ვმკურნალობ“, – ამბობს შიოშვილი.

როგორც გუბერნატორი განმარტავს, პოსტკოვიდურ მკურნალობას გადის და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალკოტესტის შედეგები გამოაქვეყნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]