weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნატო ელის, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს – სტოლტენბერგი

14:49 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც განცხადებები გაკეთდა.

იენს სტოლტენბეგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ამ თვის დასაწყისში, რიგაში, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

„ჩვენ ისევ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ძალები. 

დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე, მათ შორის, რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე უკრაინაში და მის გარშემო და შავი ზღვის რეგიონში მის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საჭიროა დავრჩეთ ფხიზლად და თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. რუსეთის ნებისმიერი მომავალ აგრესია ძვირად დაუჯდება და მოიტანს სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს რუსეთისთვის.

საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება თავად აირჩიონ ალიანსები და რუსეთს არ აქვს უფლება უკარნახოს ეს არჩევანი. ჩვენ უარვყოფთ ევროპაში გავლენის სფეროების ჩამოყალიბების ნებისმიერ იდეას, ეს ისტორიის ნაწილია და ასე უნდა დარჩეს.

ასე რომ, ნატო თავისი პარტნიორების მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე საზღვაო მხარდაჭერით, ერთობლივი წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით.

პრემიერ-მინისტრი და მე ასევე შევეხეთ საქართველოს შიდა რეფორმებს და წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებას. 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებაზე და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობა გაგრძელდეს.

მე ასევე მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან პოლიტიკური უთანხმოების მოსაგვარებლად და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების შესამცირებლად.

ნატო ელის, რომ საქართველო დაიცავს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა განვითარებაზე ასე ბევრს მუშაობდა ბოლო წლებში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველომ ბოლო წლებში გასწია ავღანეთში და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს ასევე მადლობა გადაუხადა, აგვისტოში ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციაში დახმარებისთვის. 

„ჩვენი მისია ავღანეთში არ იყო უშედეგო. ჩვენ იქ შევედით საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად და 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთიდან ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმა ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ არ მომხდარა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად დგომას, რათა თავიდან ავიცილოთ, რომ ავღანეთი საერთაშორისო ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად იქცეს.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობა ორმხრივია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და უაღრესად მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში წლების განმავლობაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]