როგორც პრეზიდენტი ამბობს, პოლიტიკურ პოლარიზაციას და არასტაბილურობას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ამძაფრებს.
„მთავარი ის კი არ არის, არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, ის არის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. და გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება.
მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება. ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება ეროვნული შერიგებისა და ერთმანეთისთვის მიტევების შესახებ. 6 დეკემბერს მან ხელისუფლებას მოუწოდა, „გონს მოეგოს, სანამ გვიანი არაა“ და ეროვნულ შერიგებაზე დათანხმდეს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია.
10 დეკემბერს კი მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, „რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას და წინ წავიდეთ“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შერიგებაზე საუბრის დასაწყებად წინაპირობებს აყენებს. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები და თქვას, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს პოლიტიკში დარჩენის უფლება აღარ აქვთ.
„ვიდრე ამ დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. პრეზიდენტს აქვს უფლება, მაქსიმალურად ეცადოს გააუმჯობესოს პოლიკური მოცემულობა, მაგრამ პერსპექტივასთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ მძიმე წარმოდგენა სწორედ იმის გამო, რომ ვიცნობ ამ ადამიანების ბუნებას. „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მის დასუსტებაშია პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების საფუძველი“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.