weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცხინვალში ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის ცემას უარყოფენ 

15:42 ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021
ფოტო მამუკა ჩხიკვაძის Facebook გვერდიდან ფოტო მამუკა ჩხიკვაძის Facebook გვერდიდან

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, ჩხიკვაძის მიმართ არანაირი ფიზიკური ზემოქმედება არ განხორციელებულა.

კოჩიევმა ინტერვიუ გამოცემა „ეხო კავკაზას“ მისცა. ის ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძემ გაცნობიერებულად გადაკვეთა ე.წ. საზღვარი და სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„არანაირი ფიზიკური ზემოქმედება მასზე არ განხორციელებულა. ამასთან, არის ინფორმაცია, რომ დაკავების დროს ის ყვიროდა რაღაც ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს ოკუპანტებს უწოდებდა. როგორც გავიგე, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა არც ისე ადეკვატურად იქცეოდა“, – განაცხადა კოჩიევმა.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ეგორ კოჩიევმა კომენტარი გააკეთა ქართველი აქტივისტების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მამუკა ჩხიკვაძე, როგორც ყოფილი სამხედრო, ცხინვალში შესალოა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

„იმის შესახებ, რომ ყოფილი სამხედროა, ჩხიკვაძემ თავად თქვა. სინამდვილეში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ის ყოფილი სამხედროა თუ არა. თუ მას არ აქვს ჩადენილი სამხედრო დანაშაული და კანონდარღვევა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არაფერი ემუქრებაა ამ ნიშნით დევნის მხრივ. ადამიანმა თავად თქვა, რომ ქართულ ჯარში მსახურობდა, იყო ავღანეთსა და ერაყში. 

ქართული მიდიასაშუალებები ჰყვებოდნენ, თითქოს ჩხიკვაძეს დაკავებისას სცემეს და იზოლატორშიც აგრძელებენ მის ცემას. ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს და ვარაუდებია“, – განაცხადა იგორ კოჩიევმა.

მისივე თქმით, მამუკა ჩხიკვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და შესაბამისი ორგანოები არკვევენ, რა იყო მის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის და ცხინვალში ვიზიტის მიზეზი. 

„სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. როგორც კი ამის შესახებ გახდება ცნობილი, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება.

დროა, საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არის სახელმწიფო საზღვარი, არ მოუსმინონ მედიის პროპაგანდისტულ გამოსვლებს იმის შესახებ, რომ იქ „ოკუპირებული ტერიტორიაა“. 

ამას რაც უფრო მალე გაიგებენ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ხელისუფლება, რაც უფრო მალე დაიწყებენ მოსახლეობის ინფორმირებას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ეგორ კოჩიევმა.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიყვანეს. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავმა თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სასტიკად სცემეს.

ოკუპირებვული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გუშინ 9 დეკემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის, გორის მცხოვრებლების – 44 წლის კახაბერ ნათაძის და 38 წლის ვლადიმერ კანიაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. განცხადებაში არაფერი თქვეს მამუკა ჩხიკვაძის შესახებ, თუმცა იმ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და სირიაში, ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში“, შეახსენეს, რომ სამხედრო დანაშაულებები დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]