„გუშინ ბერლინმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ ორ რუს დიპლომატს აძევებენ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. თავიდან ეს მივიღეთ, როგორც არამეგობრული აქტი და განვაცხადეთ, რომ მას ადეკვატური პასუხი გაეცემოდა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს საქმე პოლიტიზირებულია და მოწყვეტილია კანონიერების, სამართლის ცნებისგან“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
პროპაგანდისტული რუსული არხის Russia Today-ის ეთერში ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსი დიპლომატების გაძევებას უახლოეს მომავალში აუცილებლად უპასუხებენ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიზირებული იყო, არ ემყარებოდა რეალურ მონაცემებსა და ფაქტებს
გუშინ, ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, განაჩენში მითითებულია ბრალის განსაკუთრებულ სიმძიმეზე, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რუსეთის მოქალაქის ვადამდელ გათავისუფლებას.
ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ამის გამო, ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მხრიდან განიხილებოდა როგორც მტერი და მისი ლიკვიდაცია მოხდა. რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.
ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს.
2020 წლის ივნისში გამოცემებმა Bellingcat-მა, Der Spiegel-მა და The Insider-მა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ვადიმ სოკოლოვი სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი რუსეთის სპეცსამსახურებისგან ჰქონდა.
ბერლინის უმაღლესი სასამართლო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს 2020 წლის ოქტომბრიდან განიხილავდა.