weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი – ზურაბიშვილი

10:29 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, შერიგების/ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ რაიმე წინაპირობა უძღოდეს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც გუშინ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა.

„მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს და შევა ჩიხში. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა – ეს ცუდად იყო გაგებული. გასაგებია, რომ შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. 

ის იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, მით უფრო, თუ წარსულსა და აწმყოს ეხება, სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც, მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, აუცილებელია შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადაწდება, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად, თუ ქართული პროცესი. 

„როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა გარედან და მონდომება, მათ არ აქვთ ამ პროცესის შიგნიდან გაგება, რათა მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ასეთ შედეგებს ელის – არარეალისტუტრია. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი.

ცხადია, არსებობს ბევრი მაგალითები, მოდელები, რომლებიც გამოყენეს სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანებში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპზე, შემდეგ სულ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაიმე ფორმით გამოხატული, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩავთვლით, რომ პირველი, გარკვევის ეტაპი დასრულდა, რა ფორმატზე გადავალთ – ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, ეს იქნება კომისიის შექმნა, რომელიც უფრო დეტალურ განხილვას შეუდგება, ეს იქნება საზოგადოებრივი ქარტია, თუ სახალხო კრება, ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება თუნდან ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე. არავის არ აქვს ამაზე პასუხი. 

მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ის ვინმეს თავს მოვახვიო. მთავარია რას მოგვიტანს ეს პროცესი, თუკი დავიწყეთ, თუკი წავიყვანეთ წარმატებულად რაღაც ეტაპამდე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ ის, დავხუროთ წარსულის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება და მომავალი დავინახოთ უფრო ნათლად. 

ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას, არ ვიცი ჩვენ გვაქვს თუ არა მთლიანად დავმშვიდების უნარი, შეიძლება არც იყოს საჭირო, მაგრამ გარკვეულწილად ის ნაწილი, რაც აუცილებელია საქმისთვის – დემოკრატიის გამყარება. ეს ის ერთ-ერთი პირველი შედეგია, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება დემოკრატია, თუ ჩვენ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ შეუძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა, რომელიც არ არის შინაგანად გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაერთიანებაზე. 

„ეს არის ანა-ბანა და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ უპირველესი უნდა იყოს ძლიერი, გაერთიანებული ქვეყნის მაგალითი, ქვეყნისა, რომელმაც იცის საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა. იმისთვის, რომ ეს ერთიანობა და პერსპექტივა დავანახოთ ჩვენს აფხაზებსა და ოსებს და ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც წაიყვანს წინ და მისცემს პერსპექტივას. და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის მინიმალური კონსესუსი შეიქმნას, რათა ერთად გავიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზა. ეს ერთის ხელში არ არის, ეს ერთობლივ ხედვაშია. რთულია, ძალიან რთულია, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები. 

ერთმანეთთან ყველაფერში თანხმობა ვერასოდეს გვექნება – ეს არარსებული ქვეყანაა, სადაც ყველას ერთი აზრი აქვს, მაგრამ რაღაცაზე უნდა შევძლოთ შეთნხმება, ყოველ შემთხვევაში, ერთად საუბარი, იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ისიც ან მივიღოთ, ან არა.

ეს ეროვნული საუბარი, რომელიც ჩემი ამ ინიციატივის საწყისია, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის დასასარულიც. ჩვენ ეს ეროვნული საუბრები შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც და ამით ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) გვინდა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]