weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმისთვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში – სააკაშვილი

23:22 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და მძლავრი მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს.

„ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისთვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, მაგრამ „უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი“ და რაც შეიძლება სწრაფად.

„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]