„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმიც და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება.
ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის – ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის, დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია.