როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ პრინციპებს არ აღიარებდა და „შესაბამისად, შეურაცხყოფდა ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს“.
„ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას, ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ წარადგინა.