როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით, 2021 წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება.
„შეგახსენებთ, პირველ რიგში, ეკონომიკის პარამეტრებს: იანვარ-თებერვალშიჩვენ გვქონდა ეკონომიკის ვარდნა, მინუსი, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო მუშაობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ჩვენ გვაქვს შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი და ჩვენ წელს, პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებით, გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს.
დღეს, წლიური ანგარიშის წარგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში პარამეტრების გაუმჯობესებას საზოგადოება ნათლად ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა დადებითი ტენდენციები თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს.
„2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.