weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პატიმარი ვერ იქნება ჰოსპიტალში მაშინ, როცა მკურნალობა დასრულებულია – ბრეგაძე სააკაშვილზე

13:31 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 ციხეში გადაყვანის პროცესი დროებით გადავადდა. ბრეგაძის თქმით, გუშინ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას. 

„აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის – კანონიერი ღონისძიების – დროებით გადავადების შესახებ. 

მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი და ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში მაშინ, როდესაც მკურნალობა დასრულებულია და ის გაწერილია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმრის გადაყვანის საკითხი ადვოკატებთან არ თანხმდება. 

„ისე ნუ წარმოაჩენთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია. როდესაც პატიმარი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და ამიტომ, მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

შეკითხვაზე, რა დროით გადაიდო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ, 27 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. სააკაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე ჰქონია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ის რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]