„როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონის მიღება. ახლა ჩემი მიზანი დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ იმ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, რომელიც, ალბათ, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული.
რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს.
ჩვენ მოვისმინეთ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს, ანუ მათ არა აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები და არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს არ სცემენ პატივს, არამედ ამ კომენტარებით პრეზიდენტის ინსტიტუტსაც არ სცეს პატივი.
პრეზიდენტის განცხადება მაფიქრებინებს, რომ იგი ამ მნიშვნელოვან ბერკეტს გამოიყენებს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის – შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ბიუროს 28 დეკემბერს წარედგინა. იმავე დღეს მას მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა კომიტეტებმა, მიუხედავად იმისა, რომ განხილვის შეჩერების მოწოდებით ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოვიდნენ. დღეს, 29 დეკემბერს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წლის ივლისში აირჩია, უფლებამოსილება შეუწყდება. გარდა ამისა, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურიდან გათავისუფლდება.
თოლორაიას თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პარლამენტიდან არავინ დაკავშირებია და სამსახურის თანამშრომლებმა ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყვეს. გარდა ამისა, ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაშია ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს და დაჩქარებულად განიხილავენ.
„ყველასთვის ცხადია რომ ეს არ არის რეფორმა - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროკავშირის პრაქტიკასთან დაახლოებას ემსახურება.