weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სააკაშვილი ეტლში ჩასვეს, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა – გვარამია

14:06 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის N12 დაწესებულებში იმყოფებოდა, სადაც წუხელ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. გვარამიას თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ის სამედიცინო დაწესებულებიდან ყალბი დიაგნოზით გამოწერეს. 

„ამ წუთში შეუძლებელია მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდეს, იმიტომ, რომ სააკაშვილი არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური. არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, შესაბამისად, მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ხვალ იქნება განცხადებები. 

არის ისევ ისე სუსტად, როგორც იყო. ჩამოჰყავთ ბადრაგებს – ორ ადამიანს იქიდან და აქედან – და აჰყავთ. ეს კიდევ ერთი ახალი დაბრკოლება გვაქვს, რომ შეხვედრისას, ყოველ ჯერზე ჩამოსაყვანი და ასაყვანი უნდა გახდეს, რაც მძიმე ამბავია, ჩემი აზრით.

მთავარი, რაც იკვეთება არის ის, რომ ადამიანი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. მე ვნახე „ფორმა-100“ – 27 დეკემბრისაც და 30-საც. ორივე აბსოლუტურად იდენტურია, ყალბია. დადგენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია ამოღებულია დიაგნოზიდან, იგი არის ნიველირებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დისმეტაბოლურ ენცეფალოპატიამდე. ამას ექიმები უფრო კარგად ახსნიან – რა არის, როგორ არის და რატომ იყო შეუძლებელი ამის დადგენა „ფორმა-100“-ით, სათანადო კვლევების გარეშე. ჩემი ინფორმაციით, ამას სომატური კვლევებიც სჭირდება.

ეს კაცი აქ იმყოფება ყალბი დიაგნოზით. ვითომ გამოჯანმრთელებული. სინამდვილეში გამოჯანმრთელებული არ არის, უარესადაა, ვიდრე აქედან წავიდა. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგი დაბრუნდა იმავე წონით, რითაც გავიდა, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მომხდარა „რეფიდინგით“ მისი აღდგენა და არც წონის მატება აქვს. პირიქით, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც გორში იმყოფებოდა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადმოყვანას, გვარამიას თქმით, სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან „ძალიან დაუძლურებული“ იყო და ამის უნარი არ ჰქონდა. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. 

„მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, როგორც თვითონ მითხრა. მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა: ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. მითხრა, რომ როგორც წინა ჯერზე, აღელვების მდგომარეობაში შეიძლება უარესი დამმართვნოდაო. ამიტომ მას არ გაუწევია წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. 

წამოსვლის წინ უთხრეს: რუსთავში მიგვყავხარ, მაგრამ ცუდად თუ გახდები გზაში, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის პირდაპირი მუქარა – წამებით დამუქრება. ეს მუქარა აქაც ძალაში რჩება და მას ცუდად გახდომის უფლებაც აღარ დაუტოვეს, იმიტომ, რომ ეუბნებიან, თუ ცუდად იქნები წახვალ გლდანში, რაც გულისხმობს – სადაც გაწამეთ და კიდევ ერთხელ გაწამებენ. 

ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან გაყვანით – იქნება ეს საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. ეს გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში წუხელ გადაიყვანეს ისე, რომ ამის შესახებ პატიმრის ადვოკატები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. მანამდე სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა მოინახულა, თუმცა მას სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება არ მიეცა. ბრაჭველის თქმით, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის გახმაურებისგან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თავი შეიკავა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველად სწორედ 27 დეკემბერს სცადა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნება, თუმცა პატიმრის წინააღმდეგობის გამო ეს პროცესი გადაიდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]