weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა

19:26 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილა და დღეს, რიგგარეშე სხდომაზე, მხარი დაუჭირა 28 დეკემბერს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2022 წლის პირველი მარტიდან უქმდება. შესაბამისად, თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება პარლამენტის მიერ 2019 წელს, 6 წლის ვადით არჩეული ლონდა თოლორაია, ასევე, პოსტებს დატოვებენ მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მარტიდან ახლად შექმნილ სამსახურებში ტოლფას თანამდებობებზე დაინიშნებიან და თანამდებობრივი სარგოები შეუნარჩუნდებათ. კანონპროექტის პირველადი ვერსია ითვალისწინებდა პირველი მარტიდან სამსახურიდან არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლებას, არამედ გულისხმობდა შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლებთანაც.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ისე შეიმუშავა, რომ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები არ ჩართო. თოლორაიას თქმით, „ქართული ოცნებამ“ კანონპროექტი კონსპირაციულად მოამზადა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის მის შესახებ ცნობილი მხოლოდ 25 დეკემბერს, მედიის საშუალებით გახდა. 

„ყველასთვის ცხადია რომ ეს არ არის რეფორმა - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – აცხადებდა ლონდა თოლორაია.

თოლორაია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს და საკაონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]