ღარიბაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობამ არსებული სოციალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს, შექმნას სამუშაო ადგილები და შეამციროს სიღარიბე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს მთავრობის მთავარი საზრუნავი.
„ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, შეგახსენებთ, ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უნდა დაიხვეწოს სახელმწიფო სერვისები, გამარტივდეს მათზე წვდომა და ზედმეტი ბარიერების მოხსნით ბიზნეს ოპერირება უნდა გაუადვილდეს.