„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის სრულიად აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატო-ს წევრი. ვისურვებდით, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე უკან იქნეს გაწვეული ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ფორმულა და ის შეიცვალოს შემდეგით: „უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები“.
ყელში ამოგვივიდა არაგონივრული საუბრები, ნახევარი დაპირებები, არასწორი ინტერპრეტაციები იმისა, თუ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს, ასე ვთქვათ.
გვჭირდება მტკიცე, წყალგაუმტარი და სამართლებრივად სავალდებულო გარანტიები, რომ არასოდეს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე.
ორშაბათს, 10 იანვარს, ჟენევაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთი ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. რუსეთს სურს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არ მიიღოს ახალ წევრები და უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. გარდა ამისა, რუსეთის მოთხოვნაა, რომ ნატო-მ შეიარაღება არ განათავსოს რუსეთის საზღვრებთან და უარი თქვას, ალიანსში გაწევრიანებული იმ ქვეყნების მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე, რომლებიც ალიანსს შეუერთდნენ ნატო-სა და რუსეთს შორის 1997 წელს, ფუძემდებელი აქტის ხელმოწერის შემდეგ.