weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ივანიშვილისგან შემოთავაზება გვქონდა დავამთავროთო, უნდა მასთან ყველა ვალში იყოს – ხაზარაძე

15:43 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელი პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, შემდეგ კი ჟურნალისტებთან ხაზარაძემ განაცხადა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. 

„ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. შემოთავაზებაც გვქონდა (მგონი, შარშან), რომ იქნებ დავამთავროთო… ბიძინა ივანიშვილისგან… მას რა უნდა, იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში. ან ვალში უნდა იყო მასთან ან გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს შენზე სამოქმედოდ. მან ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა – სუს-ის, მოსყიდვის, ჩინოვნიკებზე კრედიტების მიცემის მეშვეობით. ეს რეალობაა და თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ვიქნებით ჭაობში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ფულის გათეთრების შესახებ პროკურატურის ბრალდებას აბსურდი უწოდა. 

„ბედნიერი ვარ, რომ მართლა სწორ მხარეს ვდგავარ. საერთოდ არ მაინტერესებს ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. გიჟი არ ვარ და არ მიხარია კამერაში შესვლა, მაგრამ თავისუფლება კედლები კი არ არის, თავისუფლება არის შინაგანად რა გაქვს. მე ვარ თავისუფალი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი მოიგებს ამ ბრძოლას“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით დაიწყო, რის შესახებაც 2019 წლის 9 იანვარს გახდა ცნობილი. საქმე ეხება 2008 წელს განხორციებულ საბანკო ოპერაციებს. 

პროკურატურის მტკიცებით, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის (ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა) კომპანიებზე - „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, იმავე დღეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“. პროკურატურის ცნობით, „თიბისი  ბანკმა“ კომპანიებს სესხი ჩამოაწერა და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგი“ ანაკლიის პორტის მშენებლობაში იყო ჩართული და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავარი პარტნიორი იყო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]