weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის საკითხის გამო ბიბილოვის იმპიჩმენტს ითხოვენ 

15:16 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022
ფოტოზე - ანატოლი ბიბილოვი ფოტოზე - ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 14 დეპუტატი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ითხოვს. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადტაევი აცხადებს, რომ ამისთვის „არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“. 

შესაბამისი წერილით დეპუტატებმა ალან თადტაევს 11 იანვარს მიმართეს. დე ფაქტო პარლამენტის 34 დეპუტატიდან 14 მიიჩნევს, რომ ანატოლი ბიბილოვის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ 1922 წლის 22 აპრილს მიღებული დეკრეტი №2 არალეგიტიმურია, მიმართულია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო-სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

„პრეზიდენტმა ზნაურის და ჯავის რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრებისას, 2021 წლის 22 და 23 დეკემბერს, განაცხადა, რომ დეკრეტი №2-ის თანახმად, სოფელი ჩორჩანა სამხრეთ ოსეთში მდებარეობს, ხოლო ოსური სოფლები გუჯაბაური, არცევი და ორჭოსანი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენენ და ამ მიზეზით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრების განსაზღვრისას, არ შეუძლია დეკრეტით იხელმძღვანელოს. 30 დეკემბერს პრეზიდენტმა ეს პარლამენტის სხდომაზეც გაიმეორა და დაამატა, რომ დეკრეტს არ აქვს იურიდიული ძალა იმის გამო, რომ ის სსრკ-ს შექმნამდე იქნა მიღებული“, – ნათქვამია დეპუტატების წერილში. 

დეპუტატების განცხადებით, ანატოლი ბიბილოვს ასეთი განცხადებების გაკეთების საფუძველი არ ჰქონდა, რადგან მისთვის ცნობილი იყო „საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოთ ნახსენები დასახლებული პუნქტები სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებში ექცეოდა.

დეპუტატების წერილში საუბარია 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის განთავსებაზეც და ნათქვამია, რომ თავის დროზე, პრეზიდენტმა და მთავრობამ კანონით გათვალისწინებული ზომები არ მიიღეს. 

„შედეგად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ 2008 წლის შემდეგ პირველად დაუშვა მის ტერიტორიაზე ქართული შეიარაღებული ფორმირებების განლაგება და დაკარგა ფაქტობრივი კონტროლი მარმარილოთი, ტალკით, სერპენტინით და ა.შ. მდიდარ მიწებზე. საქართველოს ქმედებებს არ მიენიჭა სათანადო სისხლისსამართლებრივი შეფასებაც“, – აცხადებენ ე.წ. პარლამენტარები.

წერილის ავტორები ბიბილოვის ქმედებებში ე.წ. კონსტიტუციის იმ ფუნდამეტური ნორმების დარღვევის ნიშნებს ხედავენ, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფენ“.

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ალან თადტაევის შეფასებით, იმპიჩმენტის ინიციატორებს ჭეშმარიტება არ აინტერესებთ და მხოლოდ იმას ცდილობენ, საზოგადოება გახლიჩონ. თადტაევის თქმით, წერილს პარლამენტი უახლოეს სესიაზე განიხილავს. 

„დეპუტატების ნაწილი ცდილობს სიტუაციის გამწვავებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2009 წელს, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებით, რესპუბლიკის პერიმეტრზე სასაზღვრო პუნქტები განთავსდა და მას შემდეგ ეს სასაზღვრო პუნქტები არსად გადასულა. საზღვრები 2009 წელს განისაზღვრა და მაშინ ეს ტერიტორიები არ იყო გათვალისწინებული. რა შუაშია ბიბილოვი?“, – აცხადებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქცია „ერთიანი ოსეთის“ ხელმძღვანელი. 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები აპრილში უნდა გაიმართოს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]