weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაუშვეს, მათ შორის, გახარიას თანაგუნდელის დედა და მეუღლეც

17:03 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 30-მდე თანამშრომელი, ადმინისტრაციის წევრები და მედპერსონალი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა Qartli.ge-მ გაავრცელა. გათავისუფლებულებს შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნის და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის დედა და მეუღლეც. 

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლექსო მერებაშვილის თქმით, გახარიას პარტიის წევრის დედა ჰოსპიტალში მისი დაარსების შემდეგ, 2007 წლიდან მუშობდა, ხოლო მეუღლე – 2013 წლიდან. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კიდევ ერთმა ადამიანმა მიმართა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. როგორც ლექსო მერებაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, ჰოსპიტლის თანამშრომელს მისი ყოფილი ქმრის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული კრიტიკული კომენტარის გამო უსაყვედურეს და იმის დასადასტურებლად, რომ ის ყოფილი მეუღლე იყო, განქორწინების მოწმობის წარდგენაც კი მოსთხოვეს. 

სამი გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოს სავარაუდოდ იანვრის ბოლოს მიმართავს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდებათ. ლექსო მერებაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა თანამშრომლებთან ერთწლიან შრომით ხელშეკრულებას აფორმებდა, შრომის კოდექსით მიიჩნევა, რომ ისინი უვადო თანამშრომლები იყვნენ, რადგან ხელშეკრულება არაერთხელ გაუგრძელდათ. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ბრძანება უნდა გამოსცეს, სადაც გათავისუფლების მიზეზები იქნება განმარტებული. ასეთი დოკუმენტი სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილ თანამშრომლებს ჯერ არ მიუღიათ. 

„ეს ადამიანები დიდი ხანია ჰოსპიტალში მუშაობენ, არაერთი მადლობა დაუმსახურებიათ და წლების განმავლობაში შენიშვნაც კი არ მიუღიათ. იმის ნაცვლად, რომ დირექტორს მათთვის უვადო ხელშეკრულება გაეფორმებინა, სამსახურიდან გაათავისუფლა, თანაც პოლიტიკური ნიშნით“, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

როგორც Qartli.ge- წერს, გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ არასანდო პერსონალის შავი სია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეადგინა.

„რეგინფო“ დეტალების დასაზუსტებლად გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც პასუხისმგებელ პირთან გადამისამართებაზე უარი გვითხრეს, განმეორებით სატელეფონო ზარებს კი აღარ უპასუხეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ თუ ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ ჩათვლის, თავად დაგვიკავშირდებიან. კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]