საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ 17 დეპუტატი გამოცხადდა, რომელთა შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან.
„ჩვენ დღესაც მზად ვიყავით, თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატი წარგვედგინა და ჩატარებულიყო კენჭისყრის პროცედურები, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ მუნიციპალიტეტი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეხუთე ჯერზე საერთოდ არ ესწრება სხდომას, ხან „ქართული ოცნება“ ტოვებს სხდომას. ვერ გამოდიან თავიანთი პოლიტიკური ინტერესიდან ერთპიროვნულად მართონ მუნიციპალიტეტის საკრებულო“, – განაცხადა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სხდომის ერთი თვით გადადება დროის გაყვანის მცდელობაა.
„ორივე პარტია უნდა მოეგოს გონს, დავსხდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ქალაქის ინეტერესებზე“, – განაცხადა ფარულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ხათუნა შამუგიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე დასწრება „ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული“.
„ექსკურსიებზე ხომ აღარ ვივლით?! ჯერჯერობით გახარიას პარტიასთან შეთანხმება არ არის მიღწეული, მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, მაგრამ ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია მათი დამოკიდებულება. იმედია, გახარიას პარტია საკრებულოში არსებულ მოცემულობას გაიაზრებს და ზუგდიდელების გადმოსახედიდან გადაწყვეტს, მომავალში რა როგორ იქნება“, – განაცხადა შამუგიამ ტელეკომპანია „ოდიშთან“.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45 მანდატიდან 22 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“.