weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მეხუთედ ჩაიშალა – თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

18:02 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო მეხუთედ ჩაიშალა. შესაბამისად, ისევ ვერ მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ქართული ოცნების დეპუტატების გადაწყვეტილებით, შემდეგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ 17 დეპუტატი გამოცხადდა, რომელთა შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან. 

„ჩვენ დღესაც მზად ვიყავით, თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატი წარგვედგინა და ჩატარებულიყო კენჭისყრის პროცედურები, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ მუნიციპალიტეტი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეხუთე ჯერზე საერთოდ არ ესწრება სხდომას, ხან „ქართული ოცნება“ ტოვებს სხდომას. ვერ გამოდიან თავიანთი პოლიტიკური ინტერესიდან ერთპიროვნულად მართონ მუნიციპალიტეტის საკრებულო“, – განაცხადა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სხდომის ერთი თვით გადადება დროის გაყვანის მცდელობაა.

„ორივე პარტია უნდა მოეგოს გონს, დავსხდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ქალაქის ინეტერესებზე“, – განაცხადა ფარულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ხათუნა შამუგიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე დასწრება „ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული“.

„ექსკურსიებზე ხომ აღარ ვივლით?! ჯერჯერობით გახარიას პარტიასთან შეთანხმება არ არის მიღწეული, მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, მაგრამ ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია მათი დამოკიდებულება. იმედია, გახარიას პარტია საკრებულოში არსებულ მოცემულობას გაიაზრებს და ზუგდიდელების გადმოსახედიდან გადაწყვეტს, მომავალში რა როგორ იქნება“, – განაცხადა შამუგიამ ტელეკომპანია „ოდიშთან“.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45 მანდატიდან 22 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]