weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

განაჩენით დასტურდება დანაშაული, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს მანდატის შეწყვეტაზე – პაპუაშვილი

18:09 პარასკევი, 14 იანვარი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო პარლამენტში „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. 

„განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა. ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, თუ პარლამდენტი მის მანდატს შეწყვეტს, ეს იქნება შეფასებული როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობა.

სამწლიანი პროცესის შემდეგ, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდა, ხოლო წერეთელს დანაშაულში თანამონაწილეობას, თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ კვალიფიკაცია შეცვალა იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დაღლითობისთვის, ხოლო ავთანდილ წერეთელი – თაღლითობაში თანამონაწილეობისთვის. სასამართლომ სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. სააპელაციო სასამართლოს პროკურატურაც მიმართავს. 

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით დაიწყო. საქმე ეხებოდა, 13 წლის წინ, 2008 წელს განხორციებულ საბანკო ოპერაციებს. 

პროკურატურა აცხადებდა, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის (ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა) კომპანიებზე - „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, იმავე დღეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ კომპანიებს სესხი ჩამოაწერა და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგი“ ანაკლიის პორტის მშენებლობაში იყო ჩართული და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავარი პარტნიორი იყო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]