weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გვაქვს იდეა თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ცენტრები შევქმნათ – ღარიბაშვილი

12:48 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ცენტრების შექმნაზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების პროცესის კოორდინაცია ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას დაავალა.

„საკითხი ეხება შემდეგ იდეას და ინიციატივას – ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საბოლოო მიზანი. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და აღნიშნული ადგილი ქვეყნისა და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს. 

ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა შევქმნათ ფინანსური ცენტრი. 

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფინანსური ცენტრები ორიენტირებული იქნებიან ისეთ საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში.

ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისისა და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც არის მთავრობის მრჩეველი კომპანია Rothschild-ი. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, კომპანიის დელეგაცია ქვეყანას ერთ კვირაში ეწვევა და აქტიური მუშაობა დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]