„რუსი მესაზღვრეები არასოდეს კვეთენ სახელმწიფო საზღვარს და ამ საკითხზე ჩვენ საკმაოდ ამომწურავი პასუხები გვქონდა“, – განაცხადა კოჩიევმა.
შეხვედრაზე უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხზეც ისაუბრეს. ეგორ კოჩიევის თქმით, ასეთი ფაქტები წინა შეხვედრის შემდეგაც ფიქსირდება, რამაც შესაძლოა ინციდენტები გამოიწვიოს.
„ყოველ ჯერზე, როცა ქართულ მხარეს მივუთითებთ ამ ფაქტებზე, ვახსენებთ, რომ ასეთი ფაქტები არის პირდაპირი გზა ინციდენტისკენ.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ დრონების გაშვებას ძირითადად საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, მათ შორის „ძალა ერთობაშია“, მაგრამ არის ფაქტებიც, როდესაც ფრენები ქართული პოლიციის თვალთახედვის არეში ხდება და ეს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა კოჩიევმა.
რაც შეეხება ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას, კოჩიევის ინფორმაციით, გასული წლიდან 20 ადამიანი დააკავეს, საიდანაც ცხრა ოკუპირებული რეგიონიდან ჯარიმის გარეშე „გააძევეს“, ორი დაჯარიმდა, ექვს კი სხვადასხვა „დანაშაულისთვის“ პასუხისგებაში მიეცა.
ეგორ კოჩიევის თქმით, ბოლო პერიოდში კონტრაბანდული საქონლის გადატანის შემთხვევებიც გახშირდა და ასეთ ფაქტზე ორი ადამიანი ჰყავთ დაკავებული, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და სასამართლოს ელიან.
„გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა და სახელმწიფო საზღვრის დარღვევა“, – ამბობს კოჩიევი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი
„თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დაგვეკონკრეტებინა ე.წ. ბრალდებები რაც მათ მიმართ არის ინკრიმინირებული, ბატონების კანიაშვილის და ნათაძის მიმართ, მათ ედავებიან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანანო გადაკვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას, რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხის საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა მის მიმართ იყოს გამოყენებული რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიურ ინფორმაციას ვიღებთ ცხელი ხაზის მეშვეობითაც“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, მთავარი აქცენტი, ასევე გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე: „კონკრეტულად კირბალთან დაკავშირებით, პირდაპირ მოვითხოვეთ გაეცათ პასუხი, რას ნიშნავდა ეს თეთრი მონიშვნები და მოვითხოვეთ დაედასტურებინათ ან უარეყოთ ის, რომ იქ ტარდება ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ტალღა. სამწუხაროდ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზის ამ სეგმენტზე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესებს. აღნიშნული საკითხიც აყვანილია საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და საოკუპაციო ხაზის მოცემული სეგმენტიც იქნება კონტროლქვეშ“.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა მარტს გაიმართება.