weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა სისტემური პრობლემა არ არის – ქადაგიშვილი

19:12 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პოლიციელის მხრიდან შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ერთეული შემთხვევებია და ეს სისტემურ პრობლემას არ წარმოადგენს. 

„საქართველოში არ არის ეს სისტემური პრობლემა და რატომ: იმიტომ, რომ ერთეული რეციდივები გვაქვს. მთელი ცხრა წლის განმავლობაში შეიძლება იყოს ერთეული რეციდივები, როდესაც პოლიციელმა დაარღვია კანონი და იმოქმედა ადამიანზე, ასე ვთქვათ, კანონის დარღვევით – ძალადობა და ა.შ.. ეს ერთეული ფაქტებია. თან არის არა ზემოდან მითითებით, არამედ, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერჯერობით იკვეთება, რიგითი ინსპექტორის ქმედეგბაა. 

სისტემური არის, როდესაც ხელმძღვანელობის… აი, რატომ იყო გირგვლიანის საქმე სისტემური? იმიტომ, რომ იქ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ მასთან ერთად რესტორანში მსხდომ შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა, რომ ადამიანმა, რომელმაც მე არასათანადოდ შემომხედა და არასათანადოდ მოიხარა ჩემს წინაშე ქედი, ახლა უნდა წახვიოდეთ და ჭკუა ასწავლოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან. 

17 წლის მოზარდზე პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ორი სამართალდამცველი დააკავეს. „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის ვიდეოში პოლიციელის სიტყვები. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მეტროსადგურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამეტებით სცემა არასრულწლოვანს მიუხედავად ბიჭის მინიშნებისა, რომ სმენადაქვეითებული იყო და საუბარი არ ესმოდა. ძალადობას მეორე პოლიციელიც შეესწრო, რომელმაც კოლეგის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა და როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ არც საგამოძიებო უწყებას შეატყობინა.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, გუშინ მომხდარი შემთხვევა იმით იყო განსაკუთრებული, რომ მისი გადაღება შეძლეს და საზოგადოებამ ვიდეოჩანაწერი იხილა.

„დაკავებულები გვიყვებიან არაერთ შემთხვევაზე, როცა მსგავსი მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, როდესაც მათ მიმართ გარკვეული არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, მათ შორის, ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა. როდესაც არ ხდება ამის გადაღება, დამტკიცება ჭირს. დაკავების დროს არასათანადო მოპყრობა მასობრივად არ ხდება, მაგრამ არაერთი ინციდენტის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. სახალხო დამცველის ანგარიშებს რომ ჩახედოთ, ყოველწლიურად ასეთი პრობლემების წყებას ნახავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პრობლემები არ არის აღქმული როგორც სისტემური“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

2020 წლის ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატი წერდა, რომ პოლიციელების მიერ დაკავებისას არაპროპორციული, აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენების და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ არაერთი ცნობა მიიღეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციის ავტომანქანაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ცემაზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]