weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიუღებელია კონკრეტული შემთხვევების გამო პოლიციას ჩრდილი მიადგეს – პრეზიდენტი

19:17 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრულ-ინსპექტორის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ზურაბიშვილის თქმით, მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო, პოლიციას ჩრდილი მიადგეს. 

„დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

თბილისში, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში 17 წლის მოზარდზე პოლიციელის ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ორი სამართალდამცველი დააკავეს. „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმოდა ვიდეოში პოლიციელის სიტყვები. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მეტროსადგურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამეტებით სცემა არასრულწლოვანს მიუხედავად ბიჭის მინიშნებისა, რომ სმენადაქვეითებული იყო და საუბარი არ ესმოდა. ძალადობას მეორე პოლიციელიც შეესწრო, რომელმაც კოლეგის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა და როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ არც საგამოძიებო უწყებას შეატყობინა.

პროკურატურის ინფრომაციით, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ (სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს – პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს, მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი). 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]