weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შევეცადეთ, რეზოლუცია ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე ყოფილიყო – ხელაშვილი

11:09 პარასკევი, 28 იანვარი 2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხსენება პრობლემა არ იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ანგარიში გაუწია „ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს“.

„მთელ ამ დებატებში მთავარი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს, მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. რაც არ უნდა ჩაგვეწერა ამ რეზოლუციაში ოპოზიცია აუცილებლად გამონახავდა საფუძველს ობსტრუქციისთვის, რომ დაეწყოთ არა მარტო კრიტიკა, არამედ დავედანაშაულებინეთ არაერთ სისულელეში, რაც ძალიან ხშირად, სწორედ მათივე წიაღიდან მოდის“, – განაცხადა ხელაშვილმა საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ რეზოლუციის ტექტის თავდაპირველ ვარიანტში რუსეთი იყო ნახსენები, არის ტყუილი.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ ტექსტი, რომელიც შემდეგ დამუშავდა. შუალედურ ვერსიაში ისინი გვთავაზობდნენ არა მარტო რუსეთის ჩაწერას, არამედ კიდევ რამდენიმე სხვა შენიშვნას, მაგრამ ამოღება კი არა, უფრო ზუსტი იქნება ითქვას, რომ ოპოზიციის შენიშნვნების არგათვალისწინება მოხდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ამ შეხვედრაზე თავად ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ერთმანეთში ძალიან ბევრ რამეზე. რა თქმა უნდა, არ დავასახელებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი ერთმანეთს ეკამათებოდნენ ამ ტექსტის შესახებ. შესაბამისად, დებატების ბოლოს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავბრუნებოდით თავდაპირველ ვარიანტს, რომელიც საბოლოო ჯამში, მათ უარყვეს და რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტაცია პარლამენტის სხდომისას დამოუკიდებლად მიიღებს“, – განაცხადა ხელაშვილმა.

შეკითხვას, რატომ არ შეიძლებოდა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის ჩაწერა, ხელაშვლმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ამ რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა არანაირი პრობლემა არ იყო. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს. როგორც იცით, უკრაინის გარშემო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე, მისი კაბინეტის უფროსი მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას, ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. 

ეს იყო მთავარი, რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, რომ ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე. 

ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პოლიტიკურ ვითარებას და ერთ-ერთი მიზეზი ამისა შეიძლება ყოფილიყო თავად უკრაინას მისგომოდა, ისე, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რაიმე ზიანი. შესაბამისად, დავაინიცირეთ ის ტექსტი, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ზუსტად პასუხობს ახლანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონში“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიციას ნამდვილად სურდა, საქართველოს და უკრაინის ეროვნულ ინტერესებს დახმარებოდა, უკეთესი იქნებოდა, „ყურით მოთრეული მანიპულაციური კრიტიკის“ ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობას გვერდით დადგომოდა და ერთობლივი განცხადება მიეღოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]