weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

უნდა შემოგივარდეთ და გაგიმწაროთ ცხოვრება – ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე

14:31 პარასკევი, 28 იანვარი 2022

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესასვლელად მზად არის. ნათელაშვილი ელოდება, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“ მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

„არასაპატიო მიზეზით კი არ დავდიოდი პარლამენტის სხდომებზე, ბოიკოტი მქონდა გამოცხადებული – ვითხოვდი პარლამენტის დაშლას, ოპოზიციის არშესვლას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და თქვენს პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლას. რახან ეს არ გამოვიდა გარედან, ოპოზიცია შემოვიდა და ახალი არჩევნების საკითხი ფაქტობრივად მოიხსნა, ახლა უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება. ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვნახოთ, რას იბჟუტურებენ ორშაბათს“, – განაცხადა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

პოლიტიკოსის თქმით, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„ეს შეიძლება იყოს ბოლო ფიალის გადავსება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების დარგში, რაც პირადად მე ძალიან მაწყობს. თუ გგონიათ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის გამო გული გამისკდება და არიქა, ჩამოვიქნევ ხელებს, გავერიდები და დაგასვენებთ, ძალიან ცდებით. უფრო მეტი გაშმაგებით შემოგიტევთ“, – მიმართა შალვა ნათელაშვილმა „ქართულ ოცნებას“.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნათელაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის ორშაბათს, 31 იანვარს განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ ნათელაშვილმა საშემოდგომო სესიის სხდომებზე არ იარა და არასაპატიო მიზეზით გაცდენები ჰქონდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო. შალვა ნათელაშვილმა მანდატზე უარი თქვა, თუმცა მაშინ, პარლამენტმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. მალევე, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ეს კანონი 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან შედის ძალაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]