weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკანონო ბორდერიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე განახორციელეს – სუს

15:07 პარასკევი, 28 იანვარი 2022
ფოტოკადრი დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ვიდეოდან ფოტოკადრი დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ვიდეოდან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ადასტურებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, სუს-ი აცხადებს, რომ უკანონო აქტივობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელდა და გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე თვეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. 

კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. 

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

უწყება აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოების შესახებ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ – „ძალა ერთობაშია“. მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ დრონით გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]