ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ სერიოზული ძალა შეემატა.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება იმისთვის, რომ საქართველო მომზადებული და გაძლიერებული დახვდეს იმას, რაც რეგიონში გეოპოლიტიკურად ხდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელო“ პატრიოტების და თავისუფალი ადამიანების გაერთიანებაა, ამიტომ მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად მიაჩნია.
„ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებუული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“.
ჩვენთვის დღეს, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია, გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელზეც ქვეყანა დადის უკანასკნელი წლების განმავლობაში და ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ურთიერთგანადგურების რეჟიმშია, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ჩვენ ქართველ ხალხს, რომელიც დღეს ელოდება, როგორც უდაბნოში მყოფი ადამიანი წყალს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, უნდა მივცეთ ახალი პოლიტიკური პერსპექტივა. მე ამ მომავალს ვხედავ „ლელოში“. ჩვენ, როგორც ქვეყანას, დიდი ხანია არ გვქონია გამარჯვება, დიდი ხანია ლელო არ დაგვიდია და ჩვენ, ყველა ერთად, ამ რეალობას შევცვლით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ამჟამად, ის საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილეა.