weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

EU-ს მიმართეს, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღოს

13:35 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის პარლამენტის წევრს და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს მიმართა თხოვნით, რომ ევროკავშირმა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღოს. 

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს. 

„ჩვენ, თქვენ და ზოგადად, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს, ხომ? ამის საწინააღმდეგოდ თქვენ იყენებთ ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“ ყველა თქვენს დოკუმენტში. ეს სტალინისტური ტერმინია და 1922 წელს შეიქმნა. მანამდე ასეთი რამ არ არსებობდა.

სამხრეთ ოსეთს – ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. ამიტომ ჩემი თხოვნა, მოწოდებაა, ვიმსჯელოთ ერთად როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ტერმინების გადახედვის და „სამხრეთ ოსეთის“ ამოღებას ინიციატივას ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდიაც დაეთანხმა. 

სხდომის შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ დაამატა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ „ცხინვალის რეგიონით“ უნდა შეიცვალოს.

„თანამედროვე ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ცხინვალის რეგიონი მოიცავს მთლიანად იმ ტერიტორიას, რომელიც ადრე იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. შეიძლება ეს პატარა დეტალი იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ტექსტებში გვხვდება ისეთი ტერმინი, რომელსაც საერთოდ არ ცნობს საქართველოს კონსტიტუცია და არის სტალინის დროს შექმნილი ტერმინი. როცა თითქმის მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში სახელები გადაერქვა ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, ჩვენი მეგობრები დღესაც იყენებენ ამ ტერმინს. სვენ მიქსერმა დახმარება აღგვითქვა“, – განაცხადა სამხარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]