weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით კირკიტაძეს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

16:38 შაბათი, 05 თებერვალი 2022

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ პარლამენტარს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, რომელიც მან 20 დღეში უნდა გადაიხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე; მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია საკუთარი ტელეფონიდან გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს, მშვიდობიან ადამიანებს თავს დაესხნენ. პოლიცია არ გამოცხადდა და მოიმიზეზეს, რომ ოფისი შეეშალათ და სხვაგან წავიდნენ. 

ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი, ამის ნათელი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან“, – თქვა კირიტაძემ სხდომის დატოვებამდე. 

პროკურატურა, რომელმაც სამი თვის წინ მომხდარ ფაქტზე დავით კირკიტაძეს ბრალი გუშინ წარუდგინა, 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორი თორნიკე ტატუნაშვილია.

„პოლიციაში ზარის განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პირს არ ჩაუდენია დანაშაული. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. საქმეში წარმოდგენილია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა“, – აღნიშნა პროკურორმა. 

საქმე ეხება 2021 წლის 24 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. პროკურატურის თანახმად, დავით კირკიტაძემ მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ორი ადამიანის მიმართ ძალადობა განახორციელა. საქმეზე კიდევ სამი ადამიანია ბრალდებული – პროკურატურა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე ძალადობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]