weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ძალა ერთობაშიამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ანტისაოკუპაციო საბჭო შექმნეს

13:38 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშიამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა – „დროამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ ანტისაოკუპაციო საბჭო შექმნეს. ამის შესახებ განცხადება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში გაკეთდა.

„ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გადავწყვიტეთ გაერთიანება და პოლიტიკურ ველზე იმ საკითხის დაბრუნება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია.

დღეს ჩვენი ქვეყანა ახალი ოკუპაციის და შესაძლოა, გარკვეული ტერიტორიების ანექსიის საფრთხის ქვეშ დგას. ეს საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ ეს საკითხი, რატომღაც, არ არის პოლიტიკურ ველზე პირველხარისხოვანი.

ამიტომ, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება და პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება დგება ერთად ამ საფრთხეების წინააღმდეგ, ერთიანება იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პროცესი“, – განაცხადა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში არა არგაღიზიანების, არამედ კოლაბორაციონისტულ, ოკუპაციასთან შემრიგებლურ პოლიტიკას ატარებს. ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლებას აიძულებენ სამი მიმართულებით ამოქმედდეს: 

„უპირველეს ყოვლისა – საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური სტატუსი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი – იქნება ეს დენის გადასახადი, სხვა კომუნალურები, მიწის გადასახადი, ფერმერული მეურნეობის წარმოება. საკუთარ თავის კი არ უნდა დაურიგონ იაფი კრედიტები და ტყეები, არამედ ამ ხალხს უნდა მისცენ. მეორე მიმართულება – ოკუპაციის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურების და პოლიციის გაძლიერება იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი ფაქტები, როგორიც იყო ტატუნაშვილის, ოთხზორიას – ვიღაც ოკუპანტი გადმოვიდა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიღაც მოგვიკლა, მოგვიტაცა და ისე წავიდა, ვითოც არაფერი – ამისთვის არის საჭირო და არა იმისთვის, რომ ვიღაცას თოფით ვეომოთ. მესამე – საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების რეალური გააქტიურება უკრაინასთან ერთად. ხელისუფლებას რეზოლუციაში რუსეთის ხსენებაც კი ეშინია, ამიტომ ჩვენი ვალია, ყველა პოლიტიკური პარტიის, ამ წმინდა თემის გარშემო გავერთიანდეთ“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

„დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ოკუპაციის თემაზე მუშაობდნენ არა კრიზისიდან კრიზისამდე, არამედ სისტემურად და თანმიმდევრულად. 

„ჩვენი ვალია, რომ საერთაშორისო ყურადრების ქვეშ იყოს ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენი მიწების მიტაცება, სისასტიკე, წამება და ა.შ. იმიტომ, რომ დღეს რეალურად გვაქვს შანსი, მივიღოთ მეტი დაცულობა ამ ადამიანებისთვის. მეორე ამოცანაა ამ ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი. აქ, ყველა სოფელში, დარჩენილია ომის შემდეგ დამწვარი სახლები, არ არის გზები, არის წყლის პრობლემა, არის წარმოუდგენელი სიღატაკე – იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხს განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ და ხელი შევუწყოთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ამ ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ეს ნიშნავს ამ სოფლებში სიარულს, საერთაშორისო პარტნიორებთან კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას და ინიციატივებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]