weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიტიკაში ვართ მისიით, ჩვენი მისია არ არის მხოლოდ ძვირფასი მეგობრის თავისუფლება – მელია

10:59 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ღალატი იქნება, თუ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. როგორც მელიამ განაცხადა, ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგრესს განიცდის.

„პირიქით. დიახაც, განიცდის პროგრესს. ამ პარტიას უერთდება ბევრი გულანთებული კომპეტენტური პროფესიონალი ადამიანი და ახლა დროა, პარტია, როგორც ასეთი ვაშენოთ“, – განაცხადა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.  

ნიკა მელიას თქმით, პარტიის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ 2022 წლიდან ყოველდღიურად კამპანიურ რეჟიმში იყოს.

„მემგონი, მახვილი თვალის მქონე ადამიანი აკვირდება ჩვენს პარტიას, რომ იცვლება ყოველ დღე. ბევრი რამ შეიცვლება. 

არტიამ უნდა დაგეგმოს თავისი აქტივობები ისე, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს გეგმავს და ყოველდღიურად მიზანდასახულად ვმუშაობდეთ. გზად შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაგვეყაროს? მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა ვიყოთ როგორც ვადამდელისთვის, ისე რიგითისთვის. 

აქამდე რას ვაკეთებდით? - დასრულდებოდა ნებისმიერი ტიპის, გაყალბებული თუ გაუყალბებელი არჩევნები და ყველა ოფისს, რაც კი არსებობს, ვხურავდით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირვბელად არის ის დრო, როდესაც არასაარჩევნო პერიოდში საპირისპიროს ვაკეთებთ. ჯარი იწვრთნება შუა ომში, თუ ომამდე? რა თქმა უნდა, ომამდე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში 18-30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 330 000 ახალგაზრდაა, საიდანაც მის პარტიას 4% უჭერს მხარს. მელიას შეფასებით, ეს ძალიან მცირე მხარდაჭერაა. 

„ამ სეგმენტის თუნდაც დაშინება, თუნდაც დაშანტაჟება, დაყოლიება ხელისუფლების მხრიდან ყველაზე რთულია. ბევრი მათგანი არჩევნებზე საერთოდ არ დადის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ვქმნით ძლიერ ინსტიტუტს პარტიის შიგნით, სტრუქტურირებულს, ახალგაზრდულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არ გვქონია. ცალკე ინფრასტრუქტურა იქმნება მათთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ პარტიაში ჩვენი გუნდის თითოეული ახალი წევრი, მხედველობაში მაქვს როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი, გამოცდილიც, მაგრამ ახლა ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, ბევრ თავის ახლობელს დააინტერესებს პოლიტიკით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, მხარდამჭერებში დატოვა შთაბეჭდილება, რომ ყოვლისშემძლეა.

„კი, იმას ვაცნობიერებ, რომ მე ბევრში, ბოლო წლების განმავლობაში დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ვარ ყოვლისშემძლე; რომ საათ-ნახევარში შემძლია სააკაშვილი გავათავისუფლო. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი და ამ იმედგაცრუების და წყენის სუბლიმაციია ის, რაც ახლა ხდება საზოგადოების ნაწილში, პარტიის მხარდამჭერებში. 

რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ, ჰქონდათ სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრება, მაგრამ როდესაც ესაუბრები და ვჯერდებით, ბუნებრივია, ვაგრძელებთ გზას. მე ახლა პარტიისთვის თუ ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს, მსოფლიოში ვერც ერთი ადამიანი ვერ მომედავება, ახლა თქვენს ეთერში რომ მეთქვა, უი, 300 ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილო ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და, მოდით, პარტიის რიგით წევრად დავრჩები. თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება, ეს ერთი და მერე რა? აი რა, ახლა გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ, მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება? ხომ გესმით.

პირველ რიგში, მე ვარ დაინტერესებული. მე რომ ვხედავდე ალტერნატიულ, ქმედით წინადადებას, ან ვისმენდე, ღმერთი, რჯული მხოლოდ გამიხარდება. არ გამიგია უბრალოდ, არ მსმენია გარდა იმისა, რომ მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ეს ერთადერთი, კიბატონო. დავუშვათ, ხვალ რომ 50 ათასი კაცი შეიკრიბოს, რას ვაკეთებთ? პოლიტიკური პროცესებით უნდა მივიდეთ საპროტესტო აქციებამდე, ხომ?“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის გაღვივებაზე ასობით ადამიანი მუშაობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ყველაზე მეტად სწორედ თავად სურს. 

„ასობით ანაზღაურებადი ადამიანი – როგორც სადღაც დეპარტამენტებში დამტკიცებული თანამდებობის პირები, ისე მის მიღმა. ამაზე რომ გვიწევს საუბარი, ეს ერთი მხრივ, არის ჩემთვის დამამცირებელი, ადამიანისთვის, ვინც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვარ იმ ბრძოლაში, რომელშიც ვარ და პლუს, იმ პარტიის თავმჯდომარისთვის, რომლის გარშემო დგანან არა მხოლოდ პარტიის წევრები, არამედ ასობით ადამიანი, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. როდესაც საუბარია, რომ ნიკა მელიამ შეიძლება პარტია დატოვოს… მე ამ პარტიაში იდეით მოვედი, ვარ და ვიქნები მანამ, სანამ ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას ვხედავ. მიხეილ სააკაშვილი დიახაც, საკუთარ თავს ხედავს ამ ქვეყნის გათავისუფლების ბრძოლაში. მიშა, თქვენ, მე, ყველა სხვა წესიერი, ღირსეული, პატრიოტი საქართველოს მოქალაქისთვის იდეა არის წარმატებული, განვითარებული, ეკონომიკურად მდგრადი და მყარი საქართველო. ჩვენთვის ეს არის იდეა. იდეა არის კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, წესიერი, დეცენტრალიზებული თვითმმართველობა, პატრიოტული და სამართლიანი საზოგადოება. ამ იდეის გარშემო ვართ გაერთიანებულიო განსხვავებული ადამიანები. ბუნებრივია, როდესაც ვმსჯელობთ ხვალინდელი დღე როგორი უნდა იყოს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკაში ვართ მისიით. ჩვენი მისია არ არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დახსნა, შველა, თუნდაც ჩვენი ყველაზე ძვირფასი მეგობრის თავისუფლება. ეს მთავარი იდეა არ არის. ეს რომ ვიღაცისთვის ასახსნელია, განსხვავებულობა ვინმეს უკვირს და ძალიან მძიმე სიტყვით შეამკობს, „ღალატს“ უწოდებს, რბილად რომ ვთქვა, არ დავეთანხმები“, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]