ამასთან, მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელახალი არჩევნების საჭიროება ხელოვნურად არ შექმნას.
„არ ვაპირებთ ის კოალიციები, რაც უკვე შექმნეს, ახლა გავუმართლოთ და მივცეთ საშუალება, რომ თქვან – აგერ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ხომ დავუჭირეთ მხარი?! დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა. შემიძლია პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელოვნურად არ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ამით გახდეს საჭირო ხელახალი არჩევნების ჩატარება. ხელოვნურად არ შეიქმნება. ამის პირობას გაძლევთ.
საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ ჩვენ ხელოვნურად ახალი არჩევნების გამოწვევას არსად ვაპირებთ, მაგრამ არც იმას ვაპირებთ, რომ გახარიას და სააკაშვილს ჩამოვრეცხოთ უკვე მიღებული საერთო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ორი თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს, რისი მიზეზიც პარტიათა შორის შეუთანხმებლობა და კვორუმის არარსებობის გამო სხდომების გადადებაა. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 33-წევრიან საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ შეძლო. 16 წევრი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 13 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4, ანუ გადამწვეტი ხმა, კი პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ აქვს. ამასთან, 3 დეკემბერს გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვა, მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება კი ცნობილი არ ყოფილა.
გუშინ, პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ საკრებულოში ჩატარებული 8 სხდომიდან ბოლო 5 სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათი პარტიული ხელმძღვანელების დავალებით, არ მივიდნენ. სიჭინავას შეფასებით, სახელისუფლებო პარტია საბოტაჟს ეწევა და ხელოვნურად ქმნის კრიზისს.
„ოცნების“ გაცხადებული მიზანია, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით, შექმნილი პოლიტიკური რეალობის ცვლილება. იმ რეალობის, რომელსაც სენაკელებმა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაუჭირეს მხარი. ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება გაცემულია სამეგრელოში „ოცნების“ წარმომადგენლების ბოლო ვიზიტის დროს“, – განაცხადა გუშინ ბერდია სიჭინავამ და „ქართული ოცნების“ წევრებს 9 თებერვალს დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
სიჭინავამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ, მხარი დაეჭირათ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის: „მხარს დავუჭერთ ისე, რომ საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ დაირღვევა“.
„ქართული ოცნების“ წევრები საკრებულოს სხდომაზე მაინც არ გამოცხადდნენ. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ საკრებულოს სხდომა არა წევრთა უმრავლესობის, ანუ 17 დეპუტატის მონაწილეობით გახსნა, რასაც კანონი ითვალისწინებს, არამედ 16 დეპუტატის მონაწილეობით. როგორც მდინარაძე ამბობს, კვორუმის არარსებობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სამანდატო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას, ლეგიტიმაცია არ გააჩნია.