weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სუს-ის უფროსმა „მთავარს“, „ფორმულას“ და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა

18:58 ხუთშაბათი, 10 თებერვალი 2022
ფოტოზე - გრიგოლ ლილუაშვილი ფოტოზე - გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიების „მთავარისა“ და „ფორმულას“ და ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილის წინააღდეგ სასამართლოში იჩივლა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ღვინიაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის შესახებ გასულ სიუჟეტებს, სადაც ქოლ-ცენტრებთან შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად ლილუაშვილი დასახელდა.

„გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება. 

აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას“, – აცხადებს ადვოკატი.

გრიგოლ ლილუაშვილი ცრუ და ცილისწამებლური ფაქტების უარყოფას და მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრებას ითხოვს.

„სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი“, – აცხადებს მამუკა ღვინიაშვილი. 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა, შესაძლოა, მედიის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი იყოს. ტელეკომპანიაში სარჩელის შესახებ ადვოკატის განცხადებიდან დღეს შეიტყვეს.

„სიუჟეტი ჟურნალისტური სტანდარტების და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო მომზადებული. გაუგებარია, რატომ აქვს ბატონ ლილუაშვილს პრეტენზია, ან თუ ჰქონდა პრეტენზია, შეეძლო, სხვა ფორმით გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება რაღაც ერთი კამპანიის ნაწილი იყოს, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მერებმა მიმართეს, რომლებიც სუს-ის კრებსებში იყვნენ მოხსენიებული და საერთოდ, ეს სტრუქტურა, სუს-ი, ძალიან გააქტიურებულია მედიის წინააღმდეგ“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

სადაო სიუჟეტი „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 11 დეკემბერს გავიდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თბილისში, ბიზნესცენტრ „სითი თაუერის“ რამდენიმე სართულზე ქოლ-ცენტრებია განთავსებული, სადაც სპეციალურად შერჩეული ჯგუფები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ძარცვაზე მუშაობენ. ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შენობაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ოფისია და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ კონტროლდება. სიუჟეტის ავტორის თქმით, ასეთი ქოლ-ცენტრები მამაცაშვილთან და სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ გაიხსნება. 

გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს 6 შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი და ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირები დაასაქმეს. ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. თანხების განთავსება დანაშაულებრივი ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე ხდებოდა. ამ გზით მათ 9 490 991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. 2022 წლის თებერვალში ამავე საქმეზე კიდევ 6 პირი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]