გვარამიამ უკრაინის გენპროკურატურის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს.
„უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე და რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული უკრაინის საზღვრებს გარეთ, ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული უკრაინის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, ან უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის გენპროკურატურას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს აღძრული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული დანაშაული მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
„ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა მის მიმართ 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ეს პირები უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით პასუხს აგებენ და უკრაინის სამართალდამცავი უწყებები უფლებამოსილნი არიან ეს საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ“, – განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს.
ამ თემაზე:
სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე რადაში კომისიის შექმნას განიხილავენ – ბოკუჩავა