პრემიერმა სწორედ ამით ახსნა ე.წ. კოვიდ პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება.
„დაიწყეს უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ გავაუქმეთ ე.წ. მწვანე პასპორტები/კოვიდ პასპორტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება და მუშაობა. და რატომ? ძალიან მარტივია – აზრი დაკარგა აღნიშნული ბარათების გამოყენებამ.
თავდაპირველად ჩვენი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება. მოგეხსენებათ, რომ „დელტა“ შტამის და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, ალბათ უმეტესობაში, ვაქცინა არ მუშაობს, ანუ ვაქცინიებულ პირს ჩვეულებრივად ემართება „ომიკრონი“.
მე ვარ ერთი მაგალითი. გასულ წელს მქონდა სხვა შტამი, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს ეს ვირუსი. მე მქონია არაერთი ვირუსი და ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო რთულად გადამიტანია.
ამის გამო, რა თქმა უნდა, მიდგომა შეიცვალა. აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ მისი გაუქმება.
მეორე მხრივ, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების, განსაკუთრებით მათი, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, აცრა მაინც – დაზღვევის და პრევენციის მიზნით, რომ ეს ვირუსი არ გაურთულდეს. სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 478 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ე.ი. ორი დოზით) ვაქცინირებულია 18 წლიდან 1 233 566 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.9%-ია.