weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა ქვეყანაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობა შეისწავლოს

14:10 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს დაავალა ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე რეაგირება მოახდინოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შექმნას ჯგუფი, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას შეისწავლის.

ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივ სქემებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული. 

„მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით. ამაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს.

ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან, სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს და მთავრობა ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თუ საქმიანობა კანონიერების საზღვრებს სცდება, რეაგირებაა საჭირო. 

„მინდა, ბატონ ლაშა ხუციშვილს ვთხოვო რეაგირება. ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხი მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. მე არ მინდა, რა თქმა უნდა, ამაზე სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები დააყენა და გაასაჯაროვა, მათ შორის, გერმანიის მთავრობასთან, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგებიც. 

ყველაფერი ეს არის ნათელი, მაგრამ ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მინდა, ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლიან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანიების – „მთავარისა“ და „ფორმულას“ და ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილის წინააღდეგ სასამართლოს მიმართა. როგორც ლილუაშვილი ამტკიცებს, სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მფარველობს თბილისში მოქმედ ე.წ. ქოლ ცენტრებს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართული და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს თაღლითურად ართმევენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]