weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული ოცნება ნათელაშვილის, ხოშტარიასა და ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს

21:31 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  

გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. პარლამენტში კენჭისყრა ხვალ, 15 თებერვალს გაიმართება.

„ორი დეპუტატის შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე, მესამე შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას. ადამიანი, რომლის მიმართაც გამოვიდა განაჩენი, ელექტორატმა აირჩია მაშინ, როდესაც დაწყებული იყო სამართლებრივი დევნა და არა მაშინ, როცა მის მიმართ ძალაში იყო შესული კანონიერი განაჩენი. მართლა გაკვირვებას იწვევს ის არგუმენტი, რომ ორ დეპუტატთან მიმართებაში, რომლებთანაც უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა გაცდენების გამო, იურისტები ამბობენ, რომ თურმე გაცდენა უფრო ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძველია, ვიდრე სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმებიან. ნათელაშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც პარლამენტის სხდომებზე არ დადიოდა, ბოიკოტის რეჟიმში იყო, რისი უფლებაც აქვს, ხოლო ჯაფარიძის თქმით, დეპუტატის უფლებამოსილებს შეწყვეტა მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიიჩნევენ, რომ პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებდნენ, საკითხი ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაეწყვიტათ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]