weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„გვსურს შევხვდეთ დუმის ხელმძღვანელობას“ – პრორუსული ძალების წერილი პუტინს 

17:26 ორშაბათი, 21 თებერვალი 2022

საქართველოში არსებულმა პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „ქართულმა მარშმა“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს.

წერილში, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა, ხელმომწერები პუტინის მიმართ პატივისცემას ადასტურებენ და უზიარებენ „შეშფოთებას მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ქმედუუნარობის გამო“.

„გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და მხარეების ინტერესების ორმხრივ პატივისცემას. ამასთან, ფუნდამენტური მიდგომა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ჩვენი აზრით, უნდა იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტი“, – ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანა არ არის. მათი თქმით, ამას მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები, რომ „აშშ-ის პოზიცია არის საშინაო დავალება საქართველოს ხელისუფლებისთვის“.

პრორუსული ვლადიმერ პუტინს ეუბნებიან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნების ჩატარება ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და „რუსეთის გამოწვევას“ წარმოადგენს.

„ჩვენ ასევე მწუხარებით ვაცხადებთ, რომ საქართველო დიდი ხანია გახვეულია უცხოური ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ატარებენ ცრუ გამოკითხვებს და ხატავენ ნატოში საერთო სწრაფვის სურათს. ამასობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ თემაზე ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წელს ჩაატარა.

ამ გამოკითხვის ფარგლებში 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო კითხვარი, ხოლო 900 ათასზე მეტთან აუდიო ჩანაწერი გაკეთდა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და 69.4% სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, 75.8% კი რუსეთთან დიალოგის მომხრეა.

გვესმის რა, რომ რუსეთთან დაპირისპირება საქართველოსთვის დამღუპველია, ჩვენ – 53 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია – გავერთიანდით ერთიან პატრიოტულ ფრონტში, საჯაროდ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას საქართველოს სრული სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ და საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

იმის გაცნობიერებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონულ და მით უმეტეს, გლობალურ გამოწვევებს, ჩვენ ვისწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ და გვსურს შევხვდეთ სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასა და ფედერაციის საბჭოს, რათა მცირე, მაგრამ ჩვენთვის შესაძლებელი წვლილი შევიტანოთ რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – აცხადებენ ღია წერილის ავტორები.

წერილის ხელმომწერთა შორის არიან, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია, „მემარცხენე ალიანსიდან“ იოსებ შატბერაშვილი, „ქართული მარშიდან“ ალექსანდრე ბრეგაძე, პოლიტიკური მოძრაობიდან „არჩევნებისთვის“ ნანა დევდარიანი და საქართველოს ვეტერანთა ფედერაციიდან ირაკლი შიხიაშვილი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]