„ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად. დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მზადყოფნას გამოვთქვამ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.
21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად და მინსკის შეთანხმების დარღვევად შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ერთგული რჩება.
22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ნება დართო, შეიარაღებული ძალები რუსეთის საზღვრებს გარეთაც გამოიყენოს, ხოლო ზელენსკიმ რეზერვისტების გაწვევის განკარგულება გასცა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობას.